ტოსკანური არდადეგები. Tuscan Holiday

  • Casa
  • Italia
  • Pisa
  • ტოსკანური არდადეგები. Tuscan Holiday

ტოსკანური არდადეგები. Tuscan Holiday Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di ტოსკანური არდადეგები. Tuscan Holiday, Pisa.

Sunrise in Pisa 🌅
22/04/2021

Sunrise in Pisa 🌅

როგორ გადავადგილდეთ ტოსკანაში მოგზაურობისას 🚗🚅🚐ტოსკანის რეგიონი საშუალო სიდიდის რეგიონებს მიეკუთვნება და კომუნიკაციის თვ...
13/04/2021

როგორ გადავადგილდეთ ტოსკანაში მოგზაურობისას 🚗🚅🚐

ტოსკანის რეგიონი საშუალო სიდიდის რეგიონებს მიეკუთვნება და კომუნიკაციის თვალსაზრისით საკმაოდ განვითარებულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ საკმაოდ გამართულად მუშაობს, განსხვავებით იტალიის სამხრეთ რეგიონებისგან. თუმცა, ცენტრალურ ტოსკანაში არის ადგილები, სადაც მოხვედრა განსაკუთრებით კომფორტულია მანქანით, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდეთ.

თუ მხოლოდ ტოსკანას შედარებით დიდი ქალაქების მონახულება გაქვთ დაგეგმილი, როგორებიცაა Firenze, Pisa, Lucca, Arezzo, Siena და Livorno, მათ შორის გადაადგილებას თავისუფლად შეძლებთ მატარებლით. ეს გადაადგილების ყველაზე სწრაფი და ეკონომიური საშუალებაა. მატარებლის სადგურები თითქმის ყველა ქალაქში ცენტრალურ ნაწილში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზეა, რაც მგზავრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

იმ შემთხვევაში, თუკი სადგური ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს (მაგალითად, როგორც Siena-ში), სადგურის წინ აუცილებლად იპოვნით ავტობუსის გაჩერებას და ავტობუსს, რომლიც ქალაქის ცენტრამდე მიგიყვანთ.

როგორც წინა პოსტშიც გითხარით, მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ www.trenitalia.com -ზე, ასევე სადგურის სალაროებშიც.

ტოსკანის დიდ ქალაქებში მატარებლით მოგზაურობის პლიუსებს შორის პირველ ადგილას აუცილებლად უნდა დავასახელოთ პარკინგის ძებნისათვის დაზოგილი დრო (იმ შემთხვევაში თუ მანქანით მოგზაურობთ) და საპარკინგო გადასახადის ეკონომია.

ტოსკანაში და ზოგადად იტალიაში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ქალაქის ცენტრში პარკირება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფაქტიურად შეუძლებელია. თუკი გაგიმართლათ და მანქანის გასაჩერებელი ადგილი იპოვეთ, მოგიწევთ პარკირების ერთ საათში 1,60 ევროდან 4,00 ევრომდე გადაიხადოთ (ფასი დამოკიდებულია ცენტრთან სიახლოვეზე). ამასთან, არაფრით ხართ დაზღვეული, რომ პარკინგზე დატოვებულ თქვენი მანქანა ისეთივე მთელი დაგხვდებათ, როგორიც დატოვებისას.

თემიდან ოდნავ გადავუხვევ და გეტყვით, რომ იტალიაში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ხალხმრავალი ადგილების მონახულებისას შესაძლოა ვინმემ თქვენი ჩანთიდან საფულის, ან თქვენი ჯიბიდან - ტელეფონის ამოღება ისე მოახერხოს, რომ თქვენ ვერც ვერაფერი შენიშნოთ. ამიტომ ასეთ ადგილებში განსაკუთრებით ყურადღებით ყოფნას გირჩევთ ❗❗❗

საკითხი არ იცვლება ავტობუსით მგზავრობისას. აქ ავტობუსებში აუცილებლად შეხვდებით საპატიო ადგილას გამოკრულ აბრას, რომელიც მოგიწოდებთ სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ, ჯიბის ქურდობისგან თავის დაცვის მიზნით.

თუ დიდ ქალაქებთან ერთად ცენტრალური (კონტინენტური) ტოსკანის მონახულებასაც გადაწყვეტთ, მანქანის დაქირავება თქვენს მოგზაურობას მეტად კომფორტულს, თუმცა შედარებით ძვირადღირებულს გახდის.

ისეთი ადგილების მოსანახულებლად, როგორებიცაა San Gimignano, Cortona, Chianti, Val d'Orcia საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას აუცილებლად მოგიწევთ ურბანული ან ექსტრაურბანული ავტობუსით მგზავრობა, რომლებიც მხოლოდ დადგენილი გრაფიკით მოძრაობენ და ძირითადად ხალხით არიან სავსე.

მაგალითად, San Gimignano-ში მოსახვედრად მატარებლით Poggibonsi San Gimignano-ს სადგურზე უნდა ჩახვიდეთ და შემდეგ ურბანული ავტობუსით 25 წუთი იმგზავროთ. ფლორენციიდან გამგზავრების შემთხვევაში, ეს დაახლოებით 1,5-2 საათს წაგართმევთ. მაშინ როდესაც მანქანით გამგზავრებისას სულ რაღაც 50 წუთში San Gimignano-ში აღმოჩნდებით.

Chianti- სა და Val d'Orcia-ს ტერიტორიებზე სამოგზაუროდ მანქანა შეუცვლელად რეკომენდირებულია. სხვა შემთხვევაში თქვენი მგზავრობა მეტად ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული იქნება.

ავტობუსით (როგორც ურბანული, ასევე ექსტრაურბანული) მგზავრობისას ყველა გაჩერებაზე აუცილებლად იპოვნით პატარა საინფორმაციო დაფას, გადაადგილების დროებითა და მიმართულებებით. ყურადღება მიაქციეთ ფერებს, რომლითაც ავტობუსის გაჩერებაზე გავლის დროა გამოყოფილი. ყვითელი ფერით მონიშნულია არასამუშაო და სადღესასწაულო დღეები, ხოლო ცისფრით - სამუშაო დღეები (შაბათის ჩათვლით).

თუ ავტობუსი მითითებულ დროს არ გამოჩნდა, შეგიძიათ ივარაუდოთ, რომ გაფიცვაა - იტალიაში ძალიან უყვართ გაფიცვები, განსაკუთრებით საზოგდოებრივი ტრანსპორტის კომპანიების თანამშრომლებს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება სატრანსპორტო კომპანიის საიტზე შეგიძლიათ. კომპანიის დასახელებას, რომელიც ზონას ემსახურება, საინფორმაციო დაფაზე იპოვნით. აქვე გეტყვით, რომ ბევრი კომპანია ისეთ სადღესასწაულო დღეებში, როგორებიცაა შობა და აღდგომა, სერვისს არ ანხორციელებს. ამიტომ, თუ ამ დღეებში ტოსკანაში მოხვდებით, ეცადეთ თქვენი დღე საზ. ტრანსპორტის გამოყენების გარეშე დაგეგმოთ.

ავტობუსის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ Tabaccheria-ებსა (თამბაქოს სარეალიზაციო პუნქტი) და ავტოსადგურებში. ასევე, ავტობუსის მძღოლთანაც, თუმცა ბორტზე ბილეთის შეძენისას გაორმაგებული ფასის გადახდა მოგიწევთ.

ისევე როგორც მატარებლით მგზავრობისას, ავტობუსით მგზავრობისასაც აუცილებელია ბილეთის დატიმბვრა ბორტზე არსებულ სპეციალურ აპარატში. დაუტიმბრავი ბილეთით მგზავრობისთვის, კონტროლის შემთხვევაში აუცილებლად დაგაჯარიმებენ.

ავტომანქანით მოგზაურობის მსურველებს ავტომანქანის დაქირავება დიდ ქალაქებში შეგიძლიათ, სადაც აეროპორტის ან ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთ ავტო-გაქირავების კომპანიას იპოვნით. ავტომანქანის დაქირავება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე წინასწარ, კომპანიის საიტიდან.

მანქანის დაქირავების ფასი დღიურად 15,00 ევროდან იწყება და დამოკიდებულია ავტომანქანის მოდელზე, გამოშვების წელზე და ა.შ. კონტრაქტის გასაფორმებლად აუცილებლად დაგჭირდებათ პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტი, მართვის მოწმობა და საკრედიტო ბარათი. კონტრაქტის გაფორმებისას თითქმის ყველა კომპანია ითხოვს საგარანტიო თანხის დაბლოკვას საკრედიტო ბარათზე, შესაძლო დაზიანებების ან საგზაო შემთხვევების ხარჯების დასაფარად. საგარანტიო თანხის ოდენობაც ცვალებადია ავტომანქანის მოდელის მიხედვით.

ავტომანქანის დაქირავებას შეძლებთ საიტების www.avis.it , www.europcar.it და www.hertz.it-ის გამოყენებით.

თუკი ავტომანქანის დაქირავება ძვირი სიამოვნება გეჩვენებათ, მაგრამ ცენტრალური ტოსკანის მონახულება თქვენი ოცნებაა, რა თქმა უნდა, უარის თქმა არ ღირს და გამოსავალიც ყოველთვის მოიძებნება 😉

ამ შემთხვევაში, გირჩევთ დაგეგმოთ ერთ დღიანი გიდირებული ტური თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
მე ტურის დაჯავშნას https://www.viator.com/ -ზე გირჩევდით - არჩევანი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორ სავიზიტო, ისე ღვინის და კულინარიულ ტურებს. ფასები ყველაზე ხელმისაწვდომია და სერვისი ფანტასტიური.

და ბოლოს, ტოსკანა ის ადგილია, სადაც მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყვეტთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას, აქ გატარებული დღეები აუცილებლად იქნება დღეები, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ 💞

მიუხედავად იმისა, იმოგზაურებთ მარტო თუ მეგობრებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ მანქანით, შეძლებთ, შეაგროვოთ დაუვიწყარი მომენტები და სუნთქვისშემკვრელი შეგრძნებები. წამები, როდესაც მოგინდებათ, რომ დრო გააჩეროთ და გარემო, რომელიც მეტია ვიდრე მონუმენტები, ისტორიული ძეგლები და პეიზაჟები, სამუდამოდ შეინახოთ თქვენი ყველაზე მზიანი მოგონებების ზარდახშაში☺️🌞💞

08/04/2021

რა შეზღუდვები მოქმედებს დღეს ტოსკანაში 👇

როდის შევძლებთ მოგზაურობას 👇

რა პერიოდშია უკეთესი ტოსკანაში მოგზაურობის დაგეგმვა👇

ვეცადე, მოკლედ მომეყოლა თქვენთვის 🥰

ბედნიერი დღე ყველას ❤

Benvenuti in Toscana ანუ როგორ მოვხვდეთ ტოსკანაშიტოსკანა კომუნიკაციების მხრივ საკმაოდ განვითარებული რეგიონია და აქ მოხვე...
01/04/2021

Benvenuti in Toscana ანუ როგორ მოვხვდეთ ტოსკანაში

ტოსკანა კომუნიკაციების მხრივ საკმაოდ განვითარებული რეგიონია და აქ მოხვედრა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საკმაოდ მარტივია.

საქართველოდან ტოსკანაში მოხვედრის ყველაზე მარტივი გზა რომში, მილანში ან ბოლონიაში პირდაპირი რეისით ჩამოფრენა და შემდეგ მატარებლით პიზაში ან ფლორენციაში ჩამოსვლაა.

ტოსკანასთან ყველაზე ახლოს ბოლონიის აეროპორტია და შესაბამისად, აქ მოგზაურობის მსურველებისთვის ბოლონიის გავლით ტოსკანაში მოხვედრა ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია.

ბოლონიის ცენტრალური სადგურიდან მატარებლით ფლორენციაში ჩამოსასვლელად დაახლოებით 1,5-2 საათი დაგჭირდებათ და ბილეთის შეძენას 10 ევროდან შეძლებთ. ბოლონიიდან პიზამდე მატარებლით 3 საათამდე დახარჯავთ, ხოლო ბილეთში - 15 ევრომდე.

მილანიდან პიზამდე დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ, ფლორენციამდე - 5,5 საათი. თუ დროის დაკარგვა არ გინდათ, შეგიძლიათ ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლოთ, რომელიც მილანიდან ფლორენციაში ორ საათზე ნაკლებ დროში ჩაგიყვანთ, თუმცა ბილეთში ორჯერ ან სამჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ.

მილანი-ფლორენციის სტანდარტული ბილეთის ფასი 25 ევროდან იწყება, თუმცა ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონზე, მგზავრობის დროზე და ა.შ.

რომიდან ფლორენციამდე მატარებლის ბილეთის შეძენას 20 ევროდან შეძლებთ. მგზავრობის დრო დაახლოებით 4 საათია. ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა, როგორც გითხარით, ფასი სტანდარტულ ბილეთზე გაცილებით მაღალი იქნება.

რომი-პიზას იმართულებით ბილეთების ფასი 25 ევროდან იწყება და მგზავრობის დრო დაახლოებით 5-6 საათია.
ზოგადად, მათ, ვინც რომის ან ბოლონიის აეროპორტების გავლით ჩამოდის იტალიაში, ტოსკანაში მოგზაურობის დაწყებას ფლორენციიდან გირჩევდით ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო - რომი და ბოლონია ფლორენციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პიზასთან.

მილანის გავლით ტურისტებისთვის კი პირიქით - ტოსკანაში მოგზაურობის დაწყება პიზიდან გაცილებით მოსახერხებელია.

ზოგადად, თუ იტალიაში მოგზაურობას გეგმავთ და მარშრუტიც ასე თუ ისე შრჩეული გაქვთ, გირჩევთ, მატარებლის ბილეთები წინასწარ შეიძინოთ, განსაკუთრებით დიდ მანძილზე გადაადგილებისას. მგზავრობის თარიღის მოახლოებასთან ერთად ბილეთების ფასი აუცილებლად იზრდება.

მატარებლის ბილეთების შესაძენად და განრიგის სანახავად ისარგებლეთ Trenitalia-ს ოფიციალური საიტით www.trenitalia.com, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც იტალიურ, ისე ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

თუკი ბილეთის შეძენას მოგზაურობის დღეს აპირებთ, შეგიძლიათ სადგურზე არსებულ სალაროებს მიმართოთ ან სწრაფი შეძენის აპარატით ისარგებლოთ, რომელსაც აუცილებლად ყველა სადგურზე იპოვნით.

ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ბილეთის შეძენა არ კმარა - მატარებელში ასვლამდე ის აუცილებლად უნდა დატიმბროთ სადგურზე ან ბაქანზე არსებულ სპეციალურ აპარატში. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის სრულყოფილად გამოსადეგი მგზავრობისათვის.

თუკი ტოსკანაში მოგზაურობას ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გეგმავთ, აუცილებლად შეძლებთ იპოვოთ დაბალბიუჯეტური ფრენა პიზის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რომლებსაც კომპანია Rynair ანხორციელებს. კოვიდ პანდემიის დაწყებამდე პიზის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში დაახლოებით 40 მიმართულებით ხორციელდებოდა ფრენები და ბილეთების ფასი 10,00 ევროდან იწყებოდა. აქ 2021 წლის ზაფხულიდან რეგულარული ფრენების აღდგენა იგეგმება, ასე რომ, ევროპიდან მოგზაურობის მსურველებო, ყურადღებით Rynair-ის საიტთან.

ევროპის ქვეყნებიდან ტოსკანაში მანქანით მოხვედრის მსურველებმა იტალიის ტერიტორიაზე სამოგზაურო ხარჯებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ავტობანის მოსაკრებელი, რომელიც 265 კილომეტრზე საშუალოდ 26,70 ევროა. ავტობანით სარგებლობის ფასების გამოთვლა დანიშნულების პუნქტების მიხედვით და მგზავრობისთვის სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საიტზე autostrade.it.

მოკლედ, ვარიანტები ბევრია - მეტად ეკონომიურიდან მეტად პრაქტიკულამდე. მთავარია, გადაწყვიტოთ და დაიწყოთ თქვენი ტოსკანური მოგზაურობის დაგეგმვა.

Benvenuti in Toscana 🤗🌞

რატომ ‘ტოსკანური არდადეგები“სანამ იმ მოტივებზე მოგიყვებით, რომელთა გამოც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ იტალიის ამ ...
29/03/2021

რატომ ‘ტოსკანური არდადეგები“

სანამ იმ მოტივებზე მოგიყვებით, რომელთა გამოც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ იტალიის ამ ულამაზეს რეგიონს, მოკლედ გეტყვით, რომ ტოსკანის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის - ეტრუსკების მისტიური ტომებიდან დიდ რომაულ ცივილიზაციამდე, აღორძინების ხანიდან გაერთიანებულ იტალიამდე.

სწორედ ამ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განვითარების შედეგია, რომ დღესდღეობით ტოსკანა უდიდეს, უმდიდრეს და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს.

აქ მოხვედრილს, აღორძინების ეპოქის მისტიურ შენობებსა და მონუმენტებს შორის, აუცილებლად გაგიჩნდება შეგრძნება, რომ დრო გაჩერდა და შენც სადღაც სხვა სამყაროში გადაინაცვლე - იმ რეალობიდან შორს, რომელშიც აქამდე გიცხოვრია.

ზოგადად, ჩემს ბლოგებში არ ვაპირებ ისტორიული ფაქტების მიმოხილვას, უფრო პრაქტიკულ საკითხებზე ვისაუბრებ. თუმცა მგონია, რომ სწორედ ტოსკანის ისტორიაა ის ძირითადი მიზეზი, რამაც ეს მხარე აქცია იმ საოცრებად, რომელიც დღესაა და რომელთან პირველივე შეხვედრისას მილიონობით ადამიანი მასზე სამუდამოდ შეყვარებული ხდება.

მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ტოსკანა თქვენი შვებულების გასატარებლად ბევრია.

თუ თქვენ:
გაინტერესებთ კულტურულ-შემეცნებითი მოგზაურობა;
ან თუ თქვენი ინტერესი ბუნებით ტკბობა და ულამაზესი პეიზაჟების აღმოჩენაა;
თუკი კულინარიის ან ღვინის მოყვარული ბრძანდებით;
ან თუნდაც საზაფხულო შვებულების გატარება ზღვისპირეთში გირჩევნიათ,
ყველა შემთხვევაში ტოსკანა საუკეთესო არჩევანია.

აქ იმდენია აღმოსაჩენი და სანახავი, ძნელია გადაწყვიტო, საიდან დაიწყო.

ქალაქები, რომლებიც ტოსკანაში აუცილებლად უნდა მოინახულო ფლორენცია (იტალიურად Firenze), პიზა და სიენაა. თითოეულ მათგანში აღმოაჩენ გასაოცარ არქიტექტურას, ისტორიულ მონუმენტებს და დარაბებიან, ნაირფრად შეღებილ სახლებს შორის მიმავალ ვიწრო ქუჩებს (პირადად მე ასეთი ქუჩები ყელაფერს მირჩევნია), სავსეს ადგილობრივი პროდუქციის მაღაზიებით თუ კვების ობიექტებით.

თუმცა, მე ტოსკანაში თქვენი კულტურული მოგზაურობის აქ დასრულებას არ გირჩევდით და გეტყოდით, რომ როგორც „Cities of Art”, აუცილებლად სანახავთა სიაში უნდა შეიტანოთ არეცო (Arezzo), კორტონა (Cortona), სან ჯიმინიანო (San Gimignano) და ლუკა (Lucca).

ღვინისა და კულინარიის, ასევე ბუნებისა და პეიზაჟების მოყვარულთათვის მთიანი ტოსკანა ნამდვილი სამოთხეა.
ფლორენციის სამხრეთით მდებარე კიანტის (Chianti) ტერიტორიაზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ როგორც მსოფლიოში ცნობილი იტალიური ღვინის „Chianti Classico“-ს მეღვინეობები (სადაც სიამოვნებით გიმასპინძლებენ როგორც ღვინის დეგუსტაციაზე, ასევე მისი წარმოების პროცესსაც დეტალურად გაგაცნობენ), ასევე ათობით კილომეტრზე გადაჭიმული, საოცრად მოვლილი და ტოსკანური მზით თავისებურად შეფერილი ვენახების ულამაზესი პეიზაჟები.

კიანტიდან თუ სიენას პროვინციაში გადაინაცვლებთ - ტოსკანას საოცრებების სიაში ჩემთვის პირველ ადგილზე მყოფი და „უნესკოს“ მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ „Val d'Orcia“-ში მოხვდებით.

აქაურ ფერდობებზე შეფენილ მზესუმზირისა და ხორბლის მინდვრებში ჩამავალი მზის მომნუსხველი პეიზაჟები, ტოსკანური წითელი ღვინის თანხლებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტიაა.

სწორედ „Val d'Orcia“-ში ვიზიტისას აუცილებლად უნდა შეიაროთ Montalcino-ში - Brunello-ს, ხოლო Montepulciano-ში „Vino Nobile“-ს დასაგემოვნებლად.

თუ ჩამოთვლილი ლოკაციების დათვალიერების შემდეგ რამოდენიმე დღის ზღვის სანაპიროზე გატარებას მოისურვებთ - ტოსკანური საზღვაო კურორტები მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ.

დაახლოებით 230 კმ-ზე გადაჭიმული ტოსკანის ზღვისპირეთი ლიგურიის ზღვისა და ტირენიის ზღვის კურორტებს აერთიანებს.

Viareggio, Forte dei Marmi, Marina di Massa, Marina di Pisa, Tirrenia, Castiglione della Pescaia - ეს ტოსკანაში მდებარე საზღვაო კურორტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შორისაც აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს - ქვიშიანსა თუ ქვიან და კერძო თუ თავისუფალ (უფასო) სანაპიროს შორის.

პრიორიტეტებისა და მდებარეობის მიუხედავად, კამკამა წყალი, სუფთა და მოწესრიგებული სანაპირო, ზღვისპირა ბარებისა და რესტორნების სიმრავლე ყველგან გარანტირებულია.
და ეს ყველაფერი არ არის...

პოსტში ნახსენებ ყველა ლოკაციაზე აუცილებლად უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, ისევე როგორც ბევრ სხვა გასაოცარ ადგილზე, რომელთა აქ ჩამოთვლაც ბლოგს უსასრულოდ გრძელს გახდიდა.

პოსტის დასასრულს, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ჩემი ემოცია ტოსკანაზე.

ტოსკანაში შემთხვევით მოვხვდი (მიზეზებზე არ მოგიყვებით, თემისგან ძალიან შორსაა). ჩვენი პირველი შეხვედრა სევდიანი იყო. უცხო ვიყავი, შეშინებული და დაბნეული. ვფიქრობდი, რომ სახლიდან ასე შორს, ვერასდროს და ვერაფრით ვერ შევძლებდი სიმშვიდის და სიხარულის პოვნას. არ მქონდა მინიმალური იდეაც კი, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა მეცხოვრა.

დღეს აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში და ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც მიუხედავად ყველა სირთულისა, შეიძლება იპოვნო იმდენი სიხარული, თავისუფლება, სილაღე და სიმშვიდე, როგორც აქ.

რატომ? ტოსკანის მზე სხვანაირია და ალბათ იმიტომ. და ამას თქვენი მოგზაურობის პირველივე დღეს აუცილებლად იგრძნობთ.

28/03/2021

ესეც ბლოგის პირველი ვიდეო 🤗 ბლოგის მიზანზე და ცოტას აქაურობაზეც გიყვებით 🥰
გააზიარეთ გვერდი თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს საინტერესო თქვენი მეგობრებისთვის 🤗
იმედით, რომ მალე შევხვდებით ტოსკანაში ❤
ბედნიერი კვირა დღე თქვენ ❣❣❣

Indirizzo

Pisa

Sito Web

Notifiche

Lasciando la tua email puoi essere il primo a sapere quando ტოსკანური არდადეგები. Tuscan Holiday pubblica notizie e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Condividi