22/09/2026
“ფრთხილად იყავი, მშვენიერო... თუ ასეთი სიგიჟეების გჯერა, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.”
გი დე მოპასანი ადამიანის სულის დაუნდობელი დამკვირვებელია. რეალიზმი, ირონია და მისი ბასრი ენა უბადლოდ გადმოსცემს ცხოვრების რეალობას და ადამიანებს, რომლებიც მის შელამაზებას ცდილობენ, ილუზიებს აგებენ და იმედგაცრუებულნი ყოველთვის სხვას სცნობენ დამნაშავედ.
ეს მოთხრობა ორი წლის წინ ვთარგმნე და აქაც გაგიზიარეთ, რადგან ქართულად არ იყო ნათარგმნი. კიდევ გიზიარებთ, ბევრი ახალი გამომწერისთვის.
⚔️ წინათ ⚔️
ხეებით მოფენილ გორაკზე ძველი სტილის სასახლე დგას, რომელიც დიდი ხეების მწვანე სიბნელეშია ჩაფლული. დაუსრულებელი ბაღები ტყის სიღრმიდან ქალაქის შუაგულამდე იშლება. ფასადიდან რამდენიმე მეტრში ქვის აუზია, რომელშიც მარმარილოს ქალბატონები „ბანაობენ“. სხვადასხვა შადრევანი ერთმანეთის მიყოლებით გორაკამდეა ჩამწკრივებული და დატყვევებული წყალი ერთიდან მეორეში ხტუნაობს - დაწყებული მამულიდან, რომელიც ძველმოდურია, მაგრამ კოხტა, იმ გამოქვაბულამდე, ნიჟარებით რომ არის მოჭედილი და სადაც გასული საუკუნის სიყვარულები თვლემენ. ამ მამულში ყველაფერმა შემოინახა ძველი წლების სახე, ყველაფერი ძველი წეს-ჩვეულებებისკენ, ძველებური ჯენტლმენობისა და იმ ელეგანტურობისკენ მიუთითებს, რომლითაც ჩვენი წინაპრები გამოირჩეოდნენ.
პატარა მისაღებში, რომელიც ლუი მეთხუთმეტის სტილში იყო მოწყობილი და რომლის კედლებიც ანტიკური ნახატებით იყო დაფარული, სადაც მოტრფიალე წყვილები, კალათით ხელში ლამაზი ქალბატონები და თმახუჭუჭა, ელეგანტური მამაკაცები იყვნენ ასახულნი - დიდ სავარძელში ღრმად მოხუცებული ქალბატონი ეჯდა. თუ არ გაინძრეოდა, მიცვალებულს ჰგავდა, გამხდარი ხელები სავარძლის სახელურებზე ჩამოჰკიდებოდა. მისი დაბურული გამოხედვა სადღაც შორს იკარგებოდა, ბაღების მიღმა, ახალგაზრდობის მოგონებებში.
ხანდახან სიოს მონაბერი ყვავილებისა და არომატული მცენარეების სურნელს შემოიტანდა ხოლმე ოთახში, აუჩეჩავდა ჭაღარა თმას დანაოჭებულ შუბლზე და აღვიძებდა ძველ მოგონებებს მის გულში.
მის გვერდით, ხავერდოვან სკამზე, ახალგაზრდა გოგო ეჯდა, რომელიც საკურთხევლის ორნამენტებს ქარგავდა. მას მეოცნებე თვალები ჰქონდა და სანამ მისი გაწაფული თითები მუშაობდნენ, ეტყობოდა, რომ ოცნებებში იყო ჩაძირული.
ბებიამ თავი მოაბრუნა და გოგონას მიმართა: ბერთა, ერთი გაზეთი წამიკითხე, რომ გავიგო, რა ხდება ამ ქვეყანაზე დროდადრო.
გოგონამ გაზეთი აიღო და გადახედა: ბევრი პოლიტიკაა, ბებო, გადავფურცლო? - კი, კი, მშვენიერო, სასიყვარულო ისტორია არაფერია? ნუთუ გალანტურობა მოკვდა საფრანგეთში? აღარ საუბრობენ მოტაცებაზე, აღარც ქალბატონებისთვის პაექრობასა თუ ძველებურ თავგადასავლებზე?
გოგონამ დიდხანს ეძება და თქვა: აი, ვიპოვე. სათაურია „სასიყვარულო დრამა“.
მოხუც ქალბატონს ნაოჭებში ჩაეღიმა: ეგ წამიკითხე, სთხოვა მან.
და ბერთამ დაიწყო.
ეს იყო ვიტრიოლის (გოგირდმჟავას) ისტორია. ერთმა ქალბატონმა შურის საძიებლად ქმრის საყვარელს ორივე თვალი დაუწვა სულფატის მჟავით. სასამართლო დარბაზიდან იგი სრულიად თავისუფალი გამოვიდა — ბრბოს ტაშისცემითა და მილოცვებით.
მოხუცი სავარძელში შეიშმუშნა და იმეორებდა: რა საშინელებაა ეს ყველაფერი! სხვა რამე მიპოვე, მშვენიერო.
ბერთამ ეძება და ბევრი ფურცვლის შემდეგ იპოვა: „შავბნელი დრამა“. ახალგაზრდა, ნაადრევად მომწიფებულმა გოგონამ თავს უფლება მისცა, შური ეძია მამაკაცზე, რომელიც ძალიან მერყევი ხასიათის იყო, ღალატობდა და მასზე ფინანსურად არ ზრუნავდა. გოგონამ ოთხი ტყვია ესროლა ახლო მანძილიდან: ორი მკერდში, ერთი მენჯში და ერთიც მხარში. ეს ახალგაზრდა მამაკაცი მთელი ცხოვრება ინვალიდი დარჩებოდა. ახალგაზრდა ქალბატონი კი გაამართლეს, ბრბოს აპლოდისმენტებიც დაიმსახურა და ჟურნალი, სადაც ეს ამბავი დაიბეჭდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქალწულების შემაცდენელ მექალთანეს.
ამჯერად მოხუცი ქალბატონი სრულიად შეშფოთდა და აკანკალებული ხმით თქვა: კი მაგრამ, სულ გაგიჟდით? ღმერთმა სიყვარული მოგცათ ამ ცხოვრების ერთადერთი ხიბლი; კაცმა მასში ჯენტლმენობა შეურია ერთადერთი გართობა, თქვენ კი მჟავასა და რევოლვერს უმატებთ, ისევე, როგორც ლაფს ჩაასხამენ საუკეთესო ღვინოში!
ბერთა ვერ ხვდებოდა, რა იწვევდა ბებიის განრისხებას: კი მაგრამ, ბებია, ამ ქალბატონმა შური იძია! წარმოიდგინე, გათხოვილი იყო და ქმარი ღალატობდა.
ბებიას შეაჟრჟოლა: ეს რა აზრებს გინერგავენ დღეს ახალგაზრდა ქალებს! -კი მაგრამ, ქორწინება ხომ წმინდაა, ბებო? უპასუხა ბერთამ.
მოხუცს გულში შეაჟრჟოლა, იმ ქალურ გულში, რომელიც დიდ, გალანტურ საუკუნეში იყო დაბადებული: წმინდა ქორწინება კი არა, სიყვარულია! მისმინე, გოგონა, მე ვარ მოხუცი, რომელმაც სამი თაობა იცხოვრა და რომელმაც ბევრად მეტი იცის ქალებსა და კაცებზე. ქორწინებასა და სიყვარულს საერთო არაფერი აქვთ. ჩვენ ვქორწინდებით ოჯახის შესაქმნელად, ხოლო ოჯახს ვაშენებთ იმისთვის, რომ საზოგადოება შევქმნათ. საზოგადოება ქორწინების გარეშე ვერ იარსებებს. თუ საზოგადოება ჯაჭვია, ყოველი ოჯახი მისი რგოლია. ამ ჯაჭვის გადასაბმელად ყოველთვის ერთნაირ რკინას ვეძებთ. როდესაც ვქორწინდებით, საერთო თვისებებს ვეძებთ: ქონებას ვაერთიანებთ, ერთნაირ წარმომავლობას ვაკავშირებთ, ვმუშაობთ საერთო ინტერესებისთვის, რაც მოიცავს სიმდიდრესა და ბავშვებს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვქორწინდებით, გოგონა, და ესეც იმიტომ, რომ კაცობრიობა ითხოვს ამას; მაგრამ შეიძლება ოცჯერ გვიყვარდეს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბუნებამ ასეთები შეგვქმნა. ქორწინება კანონია, გესმის? სიყვარული კი ინსტინქტია, რომელიც ხან მარჯვნივ გიბიძგებს, ხან მარცხნივ. ჩვენ შევქმენით კანონები ჩვენი ინსტინქტების მოსაგერიებლად, რაც საჭიროც იყო, მაგრამ ინსტინქტი ყოველთვის უფრო ძლიერია. ძალიან ვცდებით, როდესაც მათ ვებრძვით, რადგან ისინი ღმერთისგან გვაქვს, კანონები კი ადამიანების შექმნილია.
თუ ცხოვრებას სიყვარულის ფერუმარილით არ შეალამაზებ, რაც შეიძლება მეტი სიყვარულით, მშვენიერო ისევე, როგორც შაქარს ვუმატებთ წამალში ბავშვებისთვის, არავის მოუნდება მისი მიღება ისეთის, როგორიც არის.
გაოგნებულ ბერთას თვალები გაუფართოვდა და ჩაიჩურჩულა: ო, ბებია, ბებია... ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია გვიყვარდეს...
მოხუცმა თვალები ცას მიაპყრო და აკანკალებული ხელები ზევით აწია, თითქოს ჯენტლმენობის ღმერთს მიმართავდა, და აღშფოთებულმა ხმამაღლა თქვა: თქვენ საშინელ რასად გადაიქეცით, უმნიშვნელო რასად! რევოლუციის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ყველაფერს მაღალფარდოვანი სახელები დაარქვით, თანასწორობისა და მარადიული ვნების გჯერათ. ადამიანებმა ლექსები დაწერეს თქვენთვის, რომ ეთქვათ, თითქოს სიყვარულით ვკვდებოდით. ჩემს დროს კი ლექსებს ვწერდით, რომ სიყვარული გვესწავლა! როდესაც მამაკაცი მოგვწონდა, გოგონავ, წერილს ვწერდით და როდესაც ახალი ახირება მოგვივლიდა, ძველ საყვარელს გავუშვებდით... ან ორივე ერთად გვყავდა!
გაფითრებულმა გოგონამ წაილუღლუღა: გამოდის, ქალბატონებს ღირსება არ ჰქონდათ?
მოხუცი ქალბატონი სრულიად ამხედრდა: ღირსება არ გვქონდა?! იმიტომ რომ გვიყვარდა, ამის თქმას ვბედავდით და თან ვამაყობდით? შენ იცი, გოგონავ, რომ საფრანგეთის დიდგვაროვანი ქალბატონებიდან ერთ-ერთი საყვარლის გარეშე თუ დარჩებოდა, მთელი დიდგვაროვნების დასაცინი გახდებოდა? და თქვენ გჯერათ, რომ თქვენს ქმრებს მთელი ცხოვრება თქვენ ეყვარებით, თითქოს ეს შესაძლებელი იყოს?! გიმეორებ: ქორწინება საჭიროებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იარსებოს, მაგრამ ის არ არის ჩვენს ბუნებაში, გესმის? ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მშვენიერი რამ არის, ეს სიყვარულია, და ამასაც გიზღუდავენ. დღევანდელ დროში გეუბნებიან, რომ მხოლოდ ერთი უნდა გიყვარდეს, თითქოს მაძალებდნენ, მთელი ცხოვრება მხოლოდ ინდაურის ხორცი ვჭამო. ამ დროს კაცს იმდენი საყვარელი ეყოლება, რამდენი თვეც არის წელიწადში. ის საკუთარ ინსტინქტებს გაჰყვება, რომლებიც ყველა ქალისკენ უბიძგებს, ისევე, როგორც პეპლები მიდიან ყველა ყვავილთან. ამ დროს კი მე ქუჩაში გავალ მჟავით ხელში და დავაბრმავებ საწყალ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საკუთარ ინსტინქტებს დანებდა? თან მამაკაცზე კი არ ვიძიებ შურს, არამედ ქალზე! მონსტრად გადავაქცევ ქმნილებას, რომელიც ღმერთმა შექმნა სიყვარულისთვის იმისთვის, რომ მოეწონოთ, უყვარდეთ და უყვარდეს! და თქვენი დღევანდელი საზოგადოება, თქვენი ბურჟუაზიული საზოგადოება, ფეხზე წამოუდგება, ტაშს დაუკრავს და გამამართლებს? მე გეუბნები, რომ ეს უმსგავსობაა! თქვენ სიყვარულის არაფერი გაგეგებათ და მიხარია, რომ მალე მოვკვდები, ვიდრე ამ ქვეყანას ვუყურო გალანტურობის გარეშე და იმ ქალბატონებს, რომლებმაც აღარ იციან, თუ როგორ უყვარდეთ.
დღეს ყველაფერი გასერიოზულდა. ცანცარა გოგოების შურისძიება, რომლებიც თავის საყვარელს კლავენ, თვალებს ცრემლებით უვსებს თორმეტ ბურჟუას, რომლებიც კრიმინალების გულის სიღრმეების ამოცნობას ლამობენ. და ეს არის თქვენი სიბრძნე და თქვენი სიმართლე? ქალები მამაკაცებს ესვრიან და მერე წუწუნებენ, რომ გალანტურობა დაკარგეს?!
გოგონამ ბებიას დანაოჭებული და აკანკალებული ხელები საკუთარ ხელებში მოიქცია და შესთხოვა: გაჩუმდი, ბებო, გევედრები...
და მუხლმოდრეკილმა, თვალცრემლიანმა ცას შესთხოვა ერთადერთი სიყვარული, სამარადისო, ვნებიანი სიყვარული, როგორც ამას ახალი რომანტიკოსი პოეტები წერდნენ. ამ დროს მოხუცი შუბლზე ჰკოცნიდა მთლიანად ავსებული იმ საღი აზროვნებით, რომლითაც მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსები იყვნენ სავსენი და ჩაიჩურჩულა: ფრთხილად იყავი, მშვენიერო... თუ ასეთი სიგიჟეების გჯერა, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.
გი დე მოპასანი
30 ოქტომბერი, 1883 წელი