30/09/2026
რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 საათის სავალზე, შუა საუკუნეების დროის პატარა ქალაქი ანანი (anagni) მდებარეობს. მას პაპების ქალაქადაც მოიხსენიებენ, რადგან 4 პაპი აქედან იყო წარმოშობით. შთამბეჭდავია ანანის რომანული სტილის ტაძარი, რომელიც ციხესიმაგრეს წააგავს. თუმცა ნამდვილი საგანძური მის ქვეშ მდებარე საძვალეა, რომელსაც ისტორიკოსები შუა საუკუნეების სიქსტის კაპელასაც უწოდებენ. ეპისკოპოსმა პიეტრო და სალერნომ ის 1072-1104 წლებში ააგო და წმინდანთა ნაწილები განათავსა. 500კვ.მ-ზე მეტი ფართობის კედლები ფრესკებითაა დაფარული და 800 წლის გასვლის მიუხედავად მნახველს კვლავ ფერთა სიმკვეთრით აოცებს. მოხატულობა სამ ანონიმურ ხელოვანს ეკუთვნის, რომლებიც უბრალოდ ანანის ფერმწერებად მოიხსენიებიან. აქ გამოსახულია ადამიანის ყოფა, ოთხი ხანა, ოთხი სეზონი, ოთხი ელემენტი და ოთხი ტემპერამენტი. ბიბლიური ისტორია შესაქმედან აპოკალიფსამდე. ფრესკები თეოლოგიისა და შუა საუკუნეების მეცნიერების ნაზავია. საცავი ყოველ ნახევარ საათში მხოლოდ რამდენიმე წუთით ნათდება, ნახატების დასაცავად, რაც მონახულებას უფრო მეტ მაგიურობას სძენს. დგახარ საოცარი სიზუსტით შექმნილ მარმარილოს იატაკზე ფერთა სიმრავლით გარემოცული და სინათლის ანთებიდან ჩაქრობამდე დროში სუნთქვაშეკრული მოგზაურობ.