15/07/2026
9 ივლისს, ჩვენს ფაკულტეტზე მორიგი აკადემიური მიღწევა დაფიქსირდა: „ტურიზმის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით დაძლიეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი — საჯაროდ დაიცვეს თავიანთი სამაგისტრო ნაშრომები. ამ დღეს თვალნათლივ გამოჩნდა ჩვენი სტუდენტების პროფესიული ზრდა და ის დიდი პოტენციალი, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქალაქის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში გამოიყენებენ.
ჩვენი ფაკულტეტი ამაყობს თითოეული მაგისტრანტით, რომელმაც კომისიის წინაშე ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი ცოდნა: ქეთევან მგელაძე, ჟანა ჩხიკვაძე, ინგა დიასამიძე, მარიამ დავითაძე, გიორგი შაინიძე, თამარ ხოზრევანიძე, ანა პაპუნიძე, გიორგი გოგიტიძე და გოდერძი პატარიძე. რა თქმა უნდა, ეს წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა გამოცდილი სამეცნიერო ხელმძღვანელების გარეშე, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე მეგზურობას უწევდნენ სტუდენტებს: თეიმურაზ აბესაძე, ეკატერინე ბახტაძე, ცირა ცეცხლაძე, მამუკა გოგელია და ზანდა მესხიძე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რეცენზენტების მიერ გაწეული შრომა. ლელა დევაძემ, თამარ ბერიძემ, ანზორ დევაძემ, ნათია ბერიძემ, ეკატერინე ბახტაძემ, ნინო დევაძემ და ცირა ცეცხლაძემ საინტერესო და საყურადღებო რეცენზიები გააკეთეს და მისცეს მაგისტრანტებს ფასეული რეკომენდაციები სამაგისტრო ნაშრომების სრულყოფისა და კვლევის გაგრძელების მიმართულებებით.
წარმოდგენილმა სამეცნიერო ნაშრომებმა კომისიის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რადგან მათი თემატიკა პირდაპირ პასუხობს თანამედროვე ტურიზმის გამოწვევებს. სტუდენტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს სოფლად ტურიზმის პროდუქტების შექმნისა და მართვის საკითხები ნორვეგიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა ჩვენს რეგიონს: აჭარის მაღალმთიანი სოფლების ბაზრის სეგმენტაციას, მაჭახლის ხეობის კულტურულ აქტივებს, საოჯახო სასტუმროების კონკურენტუნარიანობასა და კომპანიებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ადამიანური კაპიტალის ეფექტიანი მართვის გზით. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადობა და მწვანე სერტიფიცირების სტანდარტები. მაგისტრანტებმა აქცენტი გააკეთეს ეკოტურისტულ პროდუქტებში ციფრული ტექნოლოგიებისა და საავიაციო სექტორთან პარტნიორობის მოდელებზე.
ტურიზმის ფაკულტეტის სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდით სამეცნიერო ხელმძღვანელებსა და რეცენზენტებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ცოდნა სტუდენტების სრულფასოვანი პროფესიული ჩამოყალიბებისთვის.
გულითადად ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ჩვენს ძვირფას მაგისტრებს! დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი იდეებით, მოტივაციითა და მიღებული ცოდნით უდიდეს წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებაში. გისურვებთ დაულეველ ენერგიას და უამრავ საინტერესო პროექტს წინსვლის გზაზე!