24/12/2025
გუშინ ფრიად იღბლიანი ფოტოსესია გვქონდა, გარდა იმისა რომ გადავიღეთ საუკეთესო სურათები, მყავდა ულამაზესი ნინი და მეგობარი თაკო რომელიც ცნობისმოყვარე თვალებით სწავლობდა ფოტოგრაფიას.
მივედით ყოფილ სომხურ ეკლესიაში რომელიც ნანგრევებადაა ქცეული, ადგილობრივები მწუხარებით განიცდიან ეკლესიის მდგომარეობას. შემდეგ სიხარულით გვიმასპინძლეს ეზოში გადასაღებად, თაკო განათების თანაშემწე იყო.
შემდეგ ვიფიქრე რომ რომ მტკვრის სანაპიროზე კატერებთან ჩავალთ და იქნებ დაგვრთონ ნება რომ რამდენიმე ფოტო გადავიღოთ, ფრეიმინგით მოვახდინო იმიტაცია თითქოს მტკვარზე კატერით ვნებივრობთ. მასპინძელს ვთხოვე რომ დაბმულ კატერებზე მოდელისთვის სურათის გადაღების ნება დაერთო, რასაც დამთანხმდა, გოგონები კატერზე გადავიდნენ მე კი ნაპირიდან ჩემი ტელე-ზუმ ობიექტივიდან ვაპირებ გადაღებას, როცა მივიღე შეთავაზება რომ კატერით მოგვემსახურონ, როცა მასპინძელს მოკრძალებულად ვუთხარი რომ ამის საშუალება არ გვაქვს, ბრძანეს რომ არც არაფერი იყო საჭირო. ახალი კატერი გაგვიმზადეს და მოძრავ კატერზე განვაგრძეთ ფოტოსესია. ისეთი გრძელი მარშრუტი მოგვიწყვეს რომ ფონიჭალამდე ჩაგვიყვანეს, მერე ახალი თბილისისკენ მობრუნდა, ბოლოს შეგვცივდა კიდეც. გრძელი მარშრუტის შემდეგ დაგვაბრუნეს სანაპიროზე.
გადაღება რთული იყო, რადგან უკვე ღამდებოდა და ფლეშით უნდა მესარგებლა, ზუმ-ლინზა მძიმეა დაახლოების 3 კილოგრამს იწონის, ამას დაამატეთ მოძრავი კატერი, ამიტომ ფლეში გამოვიყენე რამაც შატერის სიჩქარე 1/180 დასწია, თაკო კი განათების ჯოხით საპირისპირო შუქს აბალანსებდა. ამ პირობებში სტაბილური ხელის დაჭერა, მანუალური ფოკუსით მკვეთრი სურათის მიღება ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ავად თუ კარგად თავი გავართვი.
შეიძლება კატერის სურათები საუკეთესო არაა, მაგრამ ადამიანური სიკეთის ისტორიას ჰყვება, ფოტოგრაფიის დანიშნულებაც ხომ ისტორიის ვიზუალური ენით დაფიქსირებაა! მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო მასპინძლის და ბიჭების მიმართ. სურათები უნდა გავუგზავნო, რადგან მინდა სიკეთე დავუბრუნო, თუ გამოიყენებენ ბედნიერი ვიქნები, თუ არა, გიდასტურებთ უზომო მადლიერებას მე და ნინი და თაკო!