17/06/2014
არქეოლოგია და ისტორია
თუშეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალიან ცოტა მასალაა. დაწყებული ძველბერძნულიდან, დამთავრებული XVII საუკუნით, არსებული წერილობითი წყაროები მხოლოდ ზედაპირულ, ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან თუშეთის შიგა მოწყობაზე – ეთნოგრაფია, სამართალი, ადმინისტრაციული წყობა თუ სხვა. ცნობილია მხოლოდ თუ რომელ ომებში, როდის და რა სახით მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებითი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მათი წარმომავლობის შესახებ (ეს საკითხი ჯერაც არ ითვლება გადაწყვეტილად). ასევე ცნობილია მათი სხვადასხვა სახის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, საერისთავოებთან თუ თემებთან. შემდეგ, XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობამ ცოტა გაამდიდრა მონაცემები თუშეთის შესახებ. სამწუხაროდ არც ეს ინფორმაცია წარმოადგენს საფუძვლიან და მრავალმხრივ კვლევას. ზოგ შემთხვევაში უხეში შეცდომებიცაა დაშვებული. საქართველოს სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლიდან, XIX საუკუნე, იწყება შედარებით უფრო სანდო, ფაქტობრივი მასალის მოგროვება, მაგრამ არც ამ დრომ შემოგვინახა სამეცნიერო კვლევის დონეზე შესრულებული აღწერა.
მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, ერთმანეთის დამოუკიდებლად, იმოგზაურა ორმა მკვლევარმა და შეეცადა მეცნიერულად აღეწერა ეს მხარე (დღეს არსებული ყველა ნაშრომი ეყრდნობა ან ერთი–ერთზე იმეორებს ამ ორი მკვლევარის ინფორმაციას. განსაკუთრებით ეს ეხება ტოპო– და ჰიდრონიმებს, ფოლკლორს და ეთნოგრაფიას, ნაწილობრივ არქიტექტურასაც). ეს ორი მკვლევარია: სერგი მაკალათია და გიორგი ბოჭორიძე. დღეს, მათ მიერ შეგროვებული და დამუშავებული მასალა უპირველესი წყაროა ამ საკითხით დაინტერესებულთათვის, იქნება ეს სპეციალისტი თუ მოყვარული. ეს მასალა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მათ მიუსწრეს თუშეთის იმ მგომარეობას როდესაც ის ძირითადად არ იყო დაცარიელებული, ან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის თაობა რომელსაც ახსოვდა ზოგიერთი სოფლების დაცარიელების ისტორია და იქ მცხოვრები ხალხის ვინაობა (გვარები, სახელები, ისტორიები, თქმულებები და სხვა). განსხვავებით XVIII–XIX საუკუნეების მასალებისგან, მაკალათიას და ბოჭორიძის მოგზაურობისას ბევრი რამე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი (მაგ. ზოგიერთი სოფელი საერთოდ განადგურებული იყო ისე, რომ მათი მხოლოდ ზოგადი ადგილმდებარეობა, რომელიღაც ხეობაღა, დგინდებოდა).
მაკალათიამ მოასწრო და გარდაცვალებამდე ბოლომდე მიიყვანა თავისი ნაშრომი, რომელიც წიგნად, მისივე სიცოცხლეში გამოიცა. ეს პირველი გამოცემა შეიცავდა უამრავ წვრილმან შეცდომებს, რომლებიც ბოჭორიძემაც მიუთითა. შეცდომები შემდეგ გამოცემებში, მაკალათიას გარდაცვალების შემდეგ გასწორდა. რაც შეეხება ბოჭორიძეს, მან სამწუხაროდ ვერ დაასრულა თავისი ნაშრომი და საბოლოო სახე ვერ მისცა წიგნს. დარჩენილი მასალები 90–იანი წლების დასაწყისში დაამუშავა ნანული აზიკურმა და წიგნად გამოსცა. ამ წიგნს არა აქვს ისეთი დასრულებული სახე როგორიც სერგი მაკალათიას „თუშეთს“, მიუხედავად იმისა რომ მასში მეტი ეთნოგრაფიულ–ფოლკლორული მასალაა მოგროვილი და მთელ რიგ შემთხვევებში ფაქტობრივი ინფორმაციითაც (ტოპონიმები, ძეგლთა და გვარების ჩამონათვალი) უფრო მდიდარია.
მაკალათიას და ბოჭორიძის ნაშრომები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგალითად ბოჭორიძე თუშეთს ყოფს 8 თემად, ხოლო მაკალათია 4–ად. სამწუხაროდ დღეს უკვე აღარ არსებობს ამ განსხვავებების გადამოწმების საშუალება და ისღა დაგვრჩენია მივუთითოდ თუ რომელი მკვლევარის აზრს ვითვალისწინებთ. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ თუშეთში არასდროს ჩატარებულა კვალიფიციური და ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები. არის მხოლოდ შემთხვევითი სახის აღმოჩენები და სხვადასხვა მოგზაურის მიერ ნაპოვნი და ზედაპირულად აკრეფილი ნივთები მათგან აღსანიშნავია: ბრინჯაოს ირმის ორი ქანდაკება, რომლებიც ფრაგმენტებია და ქვედა ნაწილი აკლიათ. სტილისტურად XII-IX საუკუნეებით ჩვ. წ. არის დათარიღებული. ეს ორივე ქანდაკება სამკაული არ უნდა იყოს. მათი დანიშნულება უფრო რიტუალურია, რომელსაც იმდროინდელი ადამიანი თაყვანს სცემდა. კიდევ აღმოჩენლია უფრო გვიანდელი დროის ბრინჯაოს ბალთა, რომელიც დაფანჯრულია და ზედ გამოსახულია წაჩოქილი ცხენები. სტილისტურად V-I საუკუნეებით ჩვ. წ. არის დათარიღებული